ქართველ მომღერალს და სახალხო არტისტს ნანი ბრეგვაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. მომღერალმა ამ დღის აღნიშვნა მოკრძალებულ გარემოში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წინანდალში გადაწყვიტა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძისადი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ მარინა ბერიძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. უსაზღვრო ნიჭი, დამახასიათებელი არტისტიზმი და ხელოვნებისადმი სიყვარული დღემდე იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძეს 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ 2001 წელს გაიხსნა.