შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ „Georgian Business Zone" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა გახსნა. სოფელ წნისში მდებარე მეცხოველეობის ფერმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
„Georgian Business Zone" წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერთიფიცირებული HACCP-ის სტანდარტების მქონე რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო.
კომპანიამ 2015 წელს, იაფი აგროსესხის ფარგლებში, მეცხოველეობის ფერმა გახსნა. საწარმოში დასაქმებულია 45 ადამიანი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013 წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი 687 912 952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი 182 130 048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.