„გარეთ როდესაც ვერ ახერხებ 1 000 კაცის შეკრებას, ადვილია, პარლამენტში 50 კაცი შეკრიბო,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ შიგით ჩაეტარებინათ მინიმიტინგი და პარლამენტის შენობა მიტინგების სივრცე არ არის. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამორალურია ქმედება, როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც სპეკულირება არ შეიძლება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მედიის წარმომადგენლები.
„ვახტანგ გომელაური აქ მოსული იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად. გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი კითხვები რეალურად არ აქვს, მათ თვითონ იციან პასუხები ამ კითხვებზე და ეშინიათ ამ პასუხების. ასეთ ვითარებაში თვითმიზანი ვერ იქნებოდა სხდომის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ხდება სპეკულირება ისეთი თემით, რომელზეც არ შეიძლება სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება. სამწუხაროა, რომ ამ ამორალურ ქმედებებში ჩართული ჰყავთ მედიის წარმომადგენლები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. გუშინ ვნახეთ, რომ სწორედ ამ ამორალურობის გამო რუსთაველის გამზირზე 1 000 კაციც კი ვერ შეკრიბეს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. საზოგადოება ხედავს, რომ ესენი არიან ამორალური ადამიანები, ახორციელებენ ამორალურ ქმედებებს და ამაზე საკადრისი პასუხი მათ გაეცათ მათ შორის გუშინ, რუსთაველის გამზირზე. აქ იყო მცდელობა, რომ შიგით ჩაეტარებინათ მინი მიტინგი. როდესაც გარეთ ვერ ახერხებ 1000 კაცის შეკრებას, ბუნებრივია, ადვილია, რომ 50 კაცი შეკრიბო შენობაში და აჩვენო რაღაცა პროტესტის ფორმა, თუმცა, აქაც მარტივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
პარლამენტის შენობა არ არის მიტინგების სივრცე. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როგორც კი დავინახავთ, რომ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს პასუხები კითხვებზე, ნებისმიერ დროს ვახტანგ გომელაური მზად არის, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ მისი პარლამენტში მოსვლა ვერ იქნება თვითმიზანი. როგორც კი დავინახავთ, რომ რეალურად კითხვებზე პასუხი აინტერესებთ, მაშინვე შეიძლება გაიმართოს მოსმენა, მაგრამ დღეს რაც ვიხილეთ, აქ არავითარი ნიშანი არ ჩანდა იმის, რომ მათ კითხვებზე პასუხები აინტერესებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.