დავით მათიკაშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებში ოპოზიციასა და მედიის ნაწილს ადანაშაულებს.
„ოპოზიცია და ცალკეული ჟურნალისტები, პარტიული ტელევიზიის რუპორები, რომელთაც ჟურნალისტებს ძნელად თუ დაარქმევ, ცდილობენ, კიდევ უფრო მეტი დესტრუქცია და არეულობა შემოიტანონ იქ, სადაც სავსებით მარტივი და გასაგებია პასუხები. ოღონდ, ეს პასუხები შს მინისტრისგან უნდა მოისმინონ, ნაცვლად იმ ამორალური ქცევისა, რაც მათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენს საზოგადოებას აჩვენეს. ესაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული და ამორალური სახე. მათ არ სურთ ქვეყნის წინსვლა და ყველა მეთოდით ცდილობენ, საკუთარი დესტრუქცია შემოიტანონ ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.
ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.