„ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად და ლოკომოტივად“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ასოცირებული ტრიოს“ შეხვედრა ძალიან პოზიტიურად წარიმართა, კარგი და პროდუქტიული შეხვედრები იყო. აქ საუბარია სამი ქვეყნის თანამშრომლობასა და ძალისხმევაზე, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში. ევროკავშირი არის და კვლავაც დარჩება მთავარი ლოკომოტივი ჩვენი რეფორმების, მთავარი მხარდამჭერი ძალა. მაგრამ როდესაც არის რეგიონალური თანამშრომლობა, გაცილებით მარტივია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ასევე შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დახმარებები იქნება გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან და ევროკავშირთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას 19 ივლისს მოაწერეს ხელი.