ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირებულთა ოდენობა იმატებს, რაც საყურადღებოა.
ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 328 თავისუფალი საწოლია დარჩენილი.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა საწოლებთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, დეფიციტი არაა.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ხედავს, შემთხვევების ოდენობა იმატებს და ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. სამწუხაროდ, იყო 26 გარდაცვალება, რაც ასევე არის ჩვენთვის განგაშის საფუძველი.
ამ დროისთვის მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და რეგიონებში. მეტი დატვირთვა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამო. კლინიკებში 4495 პირია განთავსებული, მათ შორის 895 ინტენსიურ განყოფილებაში, 183 რეანიმაციაში. თავისუფალი საწოლია 1328.
ბოლო პერიოდში, აქტიურად მოხდა ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, დეფიციტი ბავშვთა საწოლებთან მიმართებით არ აღინიშნება, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი მიღწეულია“, - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება, რაც გასაკვირი არ არის იმ მაღალი მობილობიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში შეინიშნება.
„ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც ჩვენ გვქონდა აქტიური შემთხვევა 33 000, დაახლოებით მობილიზებული იყო 7 500 საწოლი. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ გვაქვს დაახლოებით 2 600 შემთხვევა, მიმდინარე პერიოდში არის 18 000-მდე აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დატვირთვას გაუძლოს.
რა თქმა უნდა, შემდგომი მატება საყურადღებოა და თუ ეს იქნება სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია, საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლოა, შეიქმნას. გასულ პერიოდში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და ახლა, აქტიურად მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საწოლფონდის მობილიზება მოხდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.