პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პირობითობა, რომელიც მაკროფინანსურ სესხს ეხება, დიდი ხანია, არსებობს.
„ეს არ არის ახალი პირობა. ეს პირობა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და საუბარი არ არის მხოლოდ მოსამართლეების არჩევაზე, საუბარია მეწარმეთა კანონის მიღებასა და სხვა საკითხებზე. გასულ წელს, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, იქ ეწერა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია და იმედი აქვთ, ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან დამატებით ისაუბრებენ.
„შარლ მიშელმა თქვა, რომ სასამართლოზე მიღებული გადწყვეტილება სრულად არ ასახავს შეთანხმებას, დეტალიზაციაში ნუ ჩავალთ. შეთანხმებაში რაც წერია, თანმიმდევრულად, ზუსტად ასე იყო განხორციელებული. შარლ მიშელმა თქვა, რომ დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. „ლელო“ შეთანხმებული კანონპროექტების კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს, რაც ამ შეთანხმების დარღვევაა. შარლ მიშელს არ ვეთანხმები, რომ სრულად არ ასახავს. ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორ ეწერა. თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ. შარლ მიშელს არ ვეთანხმებით იმაში, რომ პროცედურები, რომელიც იყო გაწერილი, არ არის ის, რაც შეთანხმებული იყო მოსამართლეებთან დაკავშირებით. სრულად არ ასახავს ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ასახავს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.