ავტორი სოფო ხუგოიანი
„ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს გაზპრომის წინააღმდეგ აქციას მართავს. ამასთან დაკავშირებით „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" საუბრობს. მისი თქმით, მართალია, „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება, მსგავსი აქციები გამართოს, მაგრამ „ქართული ოცნება" ამას იმსახურებს, რადგან ისინი არაპროფესიონალურად მოქმედებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ჩაატაროს აქცია „გაზპრომის" წინააღმდეგ. როცა ქვეყნდებოდა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს რუსეთს გადაეცა სტრატეგიული ობიექტები და ზურაბ აბაშიძემ ეს სია გამოაქვეყნა, მათი მხრიდან ამას რეაქცია არ მოჰყოლია, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს პიარ-პოლიტიკის ნაწილია. არ უპასუხო ოპონენტს, თითქოს არაფერი უთქვამთ, აგრძელებენ და საუბრობენ იმას, რაც მათ აწყობთ.
მართალია, „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება, მსგავსი აქციები გამართოს. „ქართული ოცნება" ამას იმსახურებს, რომ ნაციონალები ასეთ მოქმედებას ბედავენ. როცა კახი კალაძე მიუნხენში შეხვდა „გაზპრომის" წარმომადგენელს, ატყდა ხმაური. „ქართულ ოცნებას" და კალაძესაც მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, როგორც პოლიტიკურ ფიგურებს, ისინი წინსწრებით, როგორც კი შეიქმნა ეს სიტუაცია, საჯაროდ უნდა გამოსულიყვნენ და გამოექვეყნებინათ პრესრელიზი, რა მდგომარეობა იყო. ამის ნაცვლად, ნაცებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ფარულად ხდებოდა რაღაც. ეს უკვე „ოცნების" შეცდომა იყო", - განაცხადა მამრაძემ.