ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ" წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დაასრულა და უკვე ხვალიდან მომხმარებელს შეეძლება ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენა. უახლოეს მომავალში, სააფთიაქო ქსელები ასევე მომარაგდება სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც. გარდა ამისა, „ჰუმანითი ჯორჯიას" გადაწყვეტილი აქვს ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და სასაწყობო მეურნეობებით.
როგორც ირკვევა, „ჰუმანითი ჯორჯია" მოსახლეობას ჯენერიკ-მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ექსპერტთა ერთი ნაწილი მედიკამენტების მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც მიანიშნებს და მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობს. თუმცა მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ პროცესი გაკონტროლდება და დეფიციტის საფრთხე არ იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კუზმამ დღეს „რედისონში" გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ყველა წამყვანი ფარმაცევტული ქსელის ხელმძღვანელი ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ქარხნანას, რომელიც აშენდება, ექნება საკმარისი რესურსი დეფიციტთან ნებისმიერი გამკლავებისთვის.
„მოგეხსენებათ, რომ იგეგმება ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა. ამ ქარხნის სიმძლავრე საკმარისი იქნება, რომ უზრუნველყოს არამარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად ამიერკავკასიის მოთხოვნები. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება. ასეთი რისკის წარმოქმნა შეუძლებელია, რადგან ქარხნის რესურსები, რომელიც აშენდება, სრულად გაუმკლავდება ნებისმიერი დეფიციტის საფრთხეს",- აღნიშნა „ჰუმანითი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი კუზმამ.
უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები „ავერსი", „იმპექს-ფარმა", „PSP", „სახალხო აფთიაქი", „ფარმადეპო", „ფარმ სახლი" და „GPC" კარდიოლოგიურთან ერთად, სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება. ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია, კონკურენცია კი არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ეს ყველაზე მეტად, საბოლო ოჯამში, მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ.