საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისიდან შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად ჩანს, ამიტომ ბევრს ივლიან რეგიონებში.
„როცა ადამიანებს ხვდები, ესაუბრები და მათი პრობლემების შესახებ ისმენ, სხვანაირი შეგრძნება ჩნდება ადამიანებში, ისინი უფრო მეტად ითავისებენ, თუ რა არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენ დავათვალიერეთ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მიკროსაწარმო, ასევე სასოფლო-სამეურნეო შეღავათიანი კრედიტით დაფუძნებული ერთ-ერთი საწარმო. ახლა ვიმყოფებით ჩუქურთმების საწარმოში, რომელიც ასევე გრანტით შეიქმნა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, აღდგება ახალციხე-საფარის გზა, რაც ძალიან კარგია მომლოცველებისთვის, ტურისტებისთვის და მთლიანად რეგიონს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბორჯომში ახალი, „ინტერკონტინენტალის" ჯგუფის სასტუმრო გაიხსნება.
„სასტუმროს მშენებლობაში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, 150 ადამიანი მუშაობს უკვე, მშენებლობის დროს 250 იყო დასაქმებული და მათი 95% არის ადგილობრივი მცხოვრებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ადამიანების გადამზადება და საერთოდ, მგონია, რომ ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებულად დიდი პოტენიალი", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სამცხე-ჯავახეთში ზამთარში მკაცრი კლიმატია, თუმცა ეს სოფლის მეურნეობისა და მეცხოველესობისთვის კარგია.
კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონს დიდი ყურადღება მიექცევა.
პრემიერ-მინისტრმა ბორჯომის პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც ბადენ-ბადენს.
„ეს არის უნიკალური კურორტი, რომლის განვითარების პერსპექტივა არის უზარმაზარი და ჩვენ აუცილებლად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ კურორტის განვითარებას. ბორჯომი და ბაკურიანი უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს სასტუმროები, რომლებიც ბორჯომში იხსნება, მიებმება როგორც ბორჯომის კომპლექსებს, ასევე ბაკურიანის კომპლექსებს. ახალციხესა და მის შემოგარენში ტურისტული თვალსაზრისით ბევრი ობიექტია და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ მას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.