logo_geo
eng_logo
ევროკავშირი შეშფოთებულია თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო
- +

22 ივლისი. 2016. 10:48



ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ  განაცხადა, რომ თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თურქეთის ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მოგერინის თქმით, ანკარამ კანონის უზენაესობა უნდა შეინარჩუნოს, ასევე დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.


ევროკომისრები ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს მოუწოდებენ, რომ არ დაივიწყოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ არსებული წესების შესაბამისად.


საგანგებო მდგომარეობა თურქეთის ხელისუფლებამ 20 ივლისს გამოაცხადა. ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურტულმუშმა კი განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეჩერებული იქნება.


გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თურქეთის ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მიიღოს კანონები პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს კი ამ კანონების გადახედვის უფლება არ ექნება. მთავრობას ასევე უფლება აქვს, შეზღუდოს სიტყვის და შეკრების თავისუფლება.


თურქეთის მთავრობის მტკიცებით, საგანგებო მდგომარეობა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე არ აისახება და ეს  მიმართულია მხოლოდ სამხედრო ამბოხის მონაწილეების წინააღმდეგ.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, საგანგებო მდგომარეობა თურქეთის დემოკრატიას განამტკიცებს.


16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მოკლულია 23 ამბოხებული, თუმცა, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა  ამბოხების 104 მონაწილე.


სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ ათასობით სამხედრო, მათ შორის 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი დააკავეს. ასევე დააკავეს 100-ზე მეტი მოსამართლე.


ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაკავებულია ან სამსახურიდან გათავისუფლებულია 50 ათასზე მეტი საჯარო მოხელე. დაიხურა 600 სკოლა. პედაგოგებს და მეცნიერებს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.


ამბოხების ორგანიზატორად აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს მიიჩნევენ. თავად გიულენი კი ბრალდებას უარყოფს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner