“მე უკვე 70 წელს გადავცილდი, შეიძლება ძალიან ბევრს გული დავწყვიტო, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ქალაქს ჰყოლოდა ისეთი კარგი მერი, როგორიც ბატონი კახა კალაძეა. ეს ეხება მის გაკეთებულ საქმეებს, ეს ეხება იმას, თუ როგორ სულით და გულით აკეთებს ამას”, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„როდესაც ის რამეს აკეთებს, მაგალითად სადმე სკვერს, შენობის რეაბილიტაციას ან რაღაც სივრცეს, ამას თითქოს თავისი ოჯახისთვის, თავისი შვილებისთვის აკეთებს. ესე იგი, მისთვის მთელი ქალაქი მისი ოჯახია. მას აქვს ლიდერობის გამორჩეული უნარი. რაც მე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ის დღემდე ყველაფერში წარმატებული ფიგურაა, ეს არის განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც ვერ შეიძენ. დღეს ჩვენ იმდენად რთულ სიტუაციაში ვართ, დაწყებული პანდემიით, დასრულებული პოლიტიკური სიტუაციითა და ეკონომიკური სიდუხჭირით, რომ ამ მდგომარეობიდან გამოყვანისთვის ჩვენ გვჭირდება წინამძღოლებად წარმატებული ფიგურები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.