“დღეს, როდესაც კონრეტულ ადამიანსა თუ დეველოპერს სურს რაღაცის აშენება გენერალური გეგმის შესაბამისად ის ვალდებულია დაემორჩილოს მას და გენერალური გეგმის შესაბამისად მოახდინოს თავისი იდეების რეალიზება”, - ამის შესახებ ურბანისტმა, ნიკო კახეთელიძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, სისტემა შეიქმნა, რომელიც აწესრიგებს ქალაქში მთლიანად ურბანულ საკითხებს.
„მსოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ ქალაქს, განსაკუთრებით დედაქალაქს, სადაც მოგინდებათ რაღაცის აშენება და ამ პროცესისთვის, სანამ მშენებლობის უფლებას მოგცემენ, მინიმუმ ექვსი თვეა საჭირო. მაგალითად, ადრე არანაირი ყურადღება არ ექცეოდა სატრანსპორტო კვანძებს, ტრანსპორტის მოძრაობას კონკრეტული მშენებლობის მიმდებარედ, გამწვანების არეალებს. დღეს, როდესაც პროექტი თანხმდება, ყველა ეს კომპონენტი გავლილი უნდა იყოს შესაბამისი სამსახურების მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა უფლება კონკრეტულ დეველოპერს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ააშენოს შენობა“, - განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.
მისი თქმით, კახა კალაძეს სხვა ყოფილი მერებისგან კიდევ ის გამოარჩევს, რომ მასთან სპეციალისტის უშუალო კონტაქტი ძალიან მარტივია.
„თბილისში, ქვეითად მოსიარულეთა რაოდენობა არის 65 %-ი. ნებისმიერი გზისა თუ სივრცეების მშენებლობის დროს ამ 65 %-ის ინტერესი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. დღეს ქვეითად მოსიარულეების ინტერსი წამოვიდა პირველ ადგილზე. ეს არის ევროპული ღირებულებები და ცხოვრების ევროპული წესი. ასევე ვხედავთ რამდენი საზოგადოებრივი სივრცე იქმნება, რაც ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ამ სიკეთით სარგებლობის. ეს არის გამწვანება, სკვერები, სხვადასხვა რეკრეაციული ზონები. კახა კალაძეს სხვა ყოფილი მერებისგან კიდევ ის გამოარჩევს, რომ მასთან სპეციალისტის უშუალო კონტაქტი ძალიან მარტივია. მე მაქვს მასთან ურთიერთობა და ყოველთვის ვცდილობ, მას ჩემი მოსაზრებები გავუზიარო და გარკვეულ შემთხვევებში ეს მოსაზრებები გაზიარებულია. ის, რაც გაკეთდა, ეს უნდა გაგრძელდეს ყველა შემთხვევაში, რადგან თუ ახლა შევაჩერებთ ჩვენ, რაც ვაკესა თუ გლდანში გაკეთდა, თუ შევაჩერებთ თავის მნიშვნელობას დაკარგავ და ისეთი ფუნქციურიც აღარ იქნება“, - განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.