კალათბურთელი ბექა წივწივაძე ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. იგი ადასტურებს ნარკოტიკული საშუალება ჰაშიშის მოხმარებას და გულშემატკივრებსა და ოჯახს ბოდიშს უხდის.
„ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრავმა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. ჰაშიში... ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბექა წივწივაძემ.
კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში აღმოაჩნდა.