„ხედავთ, დღესაც ძალიან სამართლიანად ჩვენი მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ პროტესტს პარლამენტის შენობაში და ამ ვითარებაში ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სრულიად არაადეკვატურია, დღევანდელი სხდომა არ დაიწყო გომელაურის მოსმენით,“ – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.
სამადაშვილის თქმით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოება შეკითხვებზე პასუხს ელოდება.
„ვერანაირ სხვა საკითხებზე მსჯელობა ვერ გადაფარავს იმას, რომ საზოგადოება ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რაც უკავშირდება 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებზე, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩემი აზრით, რეგლამენტის წესების დარღვევაა, რომ დღეს ჩვენ არ ვიწყებთ გომელაურის მოსმენით. თუ შეიძლება, განგვიმარტოთ, რატომ არ არის დღეს აქ გომელაური და რატომ არ დავიწყეთ დღევანდელი სხდომა მისი მოსმენით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და განუმარტა, 18 ივლისს პარლამენტის სხდომა დახურულად გამოცხადდა დესტრუქციული ქმედებების გამო.
მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის სურვილი თუ იქნება, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს.
მისივე თქმით, შესაძლოა, ვახტანგ გომელაურის განმეორებით მოწვევასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები არსებობს და შესაძლოა, მოსმენა განმეორებით ჩაინიშნოს.
„სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავდით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. ბიუროზეც ვისაუბრეთ ამაზე და ცალკეც ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება, თუ კვლავ რიგგარეშე სესიის სხდომა. შეიძლება, მოსმენა თავიდან ჩაინიშნოს, რისი უფლება გაქვთ თქვენც და შესაძლოა, ეს საკითხი ხელმეორედ იქნას განხილული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.