logo_geo
eng_logo
ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო
- +

22 ივლისი. 2016. 11:06



ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია ბასილიამ თავად დაადასტურა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.


„რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად მივიღე შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, საფრანგეთიდან, რომ ჩემზე ძებნა შეწყდა. როგორც კი აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე, ამერიკელი იურისტის მეშვეობით მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში. იყო საკმაოდ სერიოზული მიწერ-მოწერა, საკითხის შესწავლა. 2012 წლის დეკემბერში მივიღეთ ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი, სამწუხაროდ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი წავიდა, მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ერთადერთი შეეძლოთ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფა. შემომთავაზეს რაღაც ვარიანტები, რაზეც მე თანხმობა მივეცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ასეთი კურიოზული სიტუაცია, რომ მე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვიყავი ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, ამავე დროს, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს გაცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში ჩემი დაკავება არ მომხდარიყო", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.


ბასილიას თქმით, მან თავის ამერიკელ იურისტთან ერთად ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ, რატომ არ ხდებოდა მისი ძებნილთა სიიდან ამოღება.

 

„როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა", - აღნიშნა თემურ ბასილიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner