“პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტები გამოეყვანათ ცხელი წერტილიდან, გამოერიდებინათ, თუ არ ვცდები თქვენი ჟურნალისტიც იყო ერთ-ერთი”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში, 5 ივლისის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„მე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. მე ძალიან არ მიყვარს რაღაც მითებითა და ტყუილებით საუბარი და ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ შეიძლება, ასეთი რაღაც მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო, ან ერთ მხრიდან, ან მეორე მხრიდან.
რა თქმა უნდა, საერთოდ მოულოდნელი იყო. მთლიანობაში, როგორც გითხარით, სხვადასხვა ლოკაციაზე გროვდებოდნენ ეს ადამიანები, იყვნენ 7 ლოკაციაზე, რაც ჩამოგითვალეთ, ბოლოს უკვე პიკში, დაახლოებით 10 ათას კაცამდე უნდა ყოფილიყვნენ, ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. ეს რომ ყოფილიყო ერთ ან ორ ადგილას - შედარებით ადვილია გამოთვლა მასის. იყო ასევე მოძრავი ჯგუფები - 200 ადამიანი მოსწყდებოდა თემას, გადაადგილდებოდა, მეორე ჯგუფს შეუერთდებოდა, იქიდან იქნებოდა მოწოდება, გადაადგილდებოდა, მეორე ჯგუფთან მიდიოდა. მოძრაობა იყო და 10 ათას კაცზე მეტი, არ მგონია, რომ ყოფილიყო“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რუსთაველზე დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონიდან იყო ჩამოსული.
„რაიონებიდანაც იყვნენ, ძალიან ბევრი იყო რაიონიდან. პოლიცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ავხსნი ამ თემას, ყველა ლოკაციაზე იყო განაწილებული. ყველა ლოკაციაზე საკმარისი ვერასდროს ვერ იქნება, პირდაპირ გეტყვით. საკმარისი პოლიციელი ვერასდროს ვერ იქნება, როდესაც, მაგალითად, 10 ათასი კაცია გამოსული.
საკმარისს ჩვენ რას ვეძახით? ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტები გამოეყვანათ იქიდან, ანუ ცხელი წერტილიდან გამოეყვანათ, გამოერიდებინათ. ნახავდით, მგონი, თქვენი ჟურნალისტიც იყო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი. გამოიყვანეს, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანები გამოეყვანათ. მთელი პოლიცია, რომელიც 6 საათისთვის უნდა ყოფილიყო რეზერვში, უკვე 12 საათისთვის ყველა პოლიციელი იყო გაშლილი. ყველა პოლიციელი იყო განაწილებული ამ წერტილებში. ყველა - ეს 3500 კაცამდე გადანაწილებული იყო ყველა ამ წერტილში“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.