logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია თანაბრად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევებისგან, ასევე გარდაცვალებისაგან
- +

23 ივლისი. 2021. 18:17

 

„ორჯერადი ვაქცინაციისას, აცრის ეფექტურობა ძალიან მაღალია,“ - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში არის თუ არა განსხვავება ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვაქცინებს შორის, დიახ, არის. „ფაიზერის“, „სინოვაკის“, „სინოფარმის“ და „ასტრაზენეკას“ თავის დაცვის პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებისაგან განსხვავებულია. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ არის თუ არა განსხვავება მძიმე შემთხვევების განვითარებასა და გარდაცვალების რისკს შორის, აქ განსხვავება პრაქტიკულად არ არის. ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია თანაბრად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევებისგან, ასევე თანაბრად გვიცავს გარდაცვალებისაგან. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ის არჩევანი, რომ „ფაიზერს“ ველოდები, იმიტომ რომ მას 95%-იანი დაცვა აქვს, მარტო ამ თემას ეხება, ინფიცირებას, რომელიც არანაირად არაა წამყვანი და მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, თქვენ ცოცხალი გადარჩეთ, არ მოხვდეთ საავადმყოფოში, არ დამძიმდეს მდგომარეობა. აქ ოთხივე ვაქცინის ეფექტურობა „ჯანმოს“ მონაცემებით, ყველა ექსპერტის მონაცემებით, რომელიც რეალურ დროში აფასებდა ამ ვაქცინის ეფექტურობას, პრაქტიკულად თანაბარია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ვაქცინების არჩევანი.

 

„ჩვენ ეს არჩევანი უკვე ხვალიდან გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ვაქცინების იმდენი რაოდენობა, რომ ადამიანს არ დასჭირდეს ლოდინი ან სხვა ქალაქში და რეგიონში წასვლა ვაქცინაციისთვის. ეს ბარიერიც მოხსნილია. ამიტომ ვაქცინაციის შეფასებისთვის, მომდევნო კვირა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner