logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ამ პოსტს განა მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ კონკრეტულად ვინმეს შვილების დაცვას ვცდილობ... ჩვენი, ყველას შვილები საფრთხეში არიან
- +

23 ივლისი. 2021. 22:56

 

“ისე, მართლა საინტერესოა, 11 წლის ბავშვისგან რა პასუხს ელოდნენ, ნეტა რისი მოსმენა  სურდათ, ან რა მოლოდინი ჰქონდათ?  დღეს უკვე  ძალიან ძნელია, ეს გაიგო   და ალბათ  დაგვიანებულიც”, - ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის “კვირას” მთავარი რედაქტორი, ქეთი ხოსიტაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

“მოდით, ბარემ პირდაპირ დავხოცოთ ჩვენი შვილები?

დავხოცოთ, იმიტომ რომ ერთმანეთი არ გვიყვარს;

განსხვავებულად ვფიქრობთ;

განსხვავებულად გვესმის;

სურვილებიც, მიზნებიც, ღირებულებებიც და აღქმებიც სხვადასხვა გვაქვს.

ერთმანეთს ვეჩხუბებით, ვლანძღავთ, ვებრძვით, ვკლავთ, გვძულს და მერე ამ დიდ სიძულვილში, რომელიც ზვავივით ჩამოწოლილია და სადაცაა ჩვენვე წაგვლეკავს, ვახვევთ ყველას, ყველაფერს - ვანადგურებთ საკუთარ თავსაც და ჩვენს ადამიანებს.

ჩვენ აღარაფერი გვეშველება!

ვწუხვარ, ზედმეტად ბევრია ის სიძულვილი, რომელიც დავაგროვეთ.

 

ამ პოსტს განა მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ კონკრეტულად ვინმეს შვილების დაცვას ვცდილობ... ჩვენი, ყველას შვილები საფრთხეში არიან და ამას, როგორც ჩანს, ვერ ვაცნობიერებთ.

ვერ ვაცნობიერებთ, სადამდე მივედით და ყველა წითელი ხაზიც გადაკვეთილია.

ვერც საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ და ვერც სხვისაზე.

აღარც ღმერთი გვაქვს, აღარც საღი აზრი, აღარც სამყარო გვახსოვს, აღარც კანონი, აღარც წესი.

დავკარგეთ სიმართლე - დღეს ის იმდენად ბევრია, რომ არც ვიცით, რომელი სიმართლეა სიმართლე.

ყველა დაუწერელი კანონი ისე გადავწერეთ/გადავხაზეთ, რომ თეთრი ფურცლისთვის ადგილი აღარ დავტოვეთ.

აი, ვზივარ და ვფიქრობ, არსებობს კი საზღვრები? სადმე აქვს ამ მდგომარეობას დასასრული? ზვავის ბოლოს რა იქნება?

 

არაფერი!

ხვალ არ იქნება!

დიახ, ეს მოვახერხეთ და ახლა ნათელი სამყაროს ჩვენი ბნელი არჩევანის შედეგებს ვიმკით.

ხოდა, მოდით, ბარემ ჩვენივე ხელით დავხოცოთ შვილები - ამ სამყაროში მათ არც მომავალი და არც სიყვარულის არჩევანი აღარ დავუტოვეთ.

რაც შეეხება კონკრეტულ  ამბავს - მედია ეთიკას,  სტანდარტს, მორალს და სხვა... აბა, რა გითხრათ?  ჩემზე მეტი, დარწმუნებული ვარ,  სხვებმა იციან, მათ შორის უფლებადამცველებმა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, უფლებების დაცვის გურუები რომ არიან... ეგებ, ჯერ კიდევ ისე არ სძულთ განსხვავებული პოზიციის გამო სხვისი შვილები და ეგებ, დარჩათ სუფთა ფურცლები წითელი ხაზებით... არა მგონია.

ხოდა, იქ, სადაც ვართ, ძალიან დიდი უფსკლულია და აქ გადარჩევით, არ მგონია ვინმე გადარჩეს.

ვწუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, ასე ხვალ არ იქნება!

P.S:  ისე, მართლა საინტერესოა, 11 წლის ბავშვისგან რა პასუხს ელოდნენ, ნეტა რისი მოსმენა  სურდათ, ან რა მოლოდინი ჰქონდათ?  დღეს უკვე  ძალიან ძნელია, ეს გაიგო   და ალბათ  დაგვიანებულიც”, - წერს ხოსიტაშვილი.

 

„TV პირველი“ პრემიერის არასრულწლივან შვილებს დასდევს და შეკითხვებს უსვამს 11 და 16 წლის ბავშვებს”, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner