2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც განიხილება და დამტკიცდება კომისიის დასკვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, წარდგენილი იქნება ოპოზიციისა და არასამთავრობოთა ნაწილის მიერ მოსახლეობის აზრით მანიპულირების შემთხვევებიც.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგმა გაუმყარა პოზიციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ არასწორი პარალელური დათვლის შედეგები 6 კვირის განმავლობაში ჰქონდა წარმოდგენილი და არ აღიარებდა არასწორად გამოყენებულ ფორმულას. ამას ოპოზიცია იყენებდა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, ვითომ, არჩევნები გაყალბდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ძალისხმევით, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენით, იძულებულნი გახდნენ, რომ შესაბამისი აუდიტი დაენიშნათ და სწორი ფორმულა გამოეყენებინათ, 850 უბნის პარალელური დათვლის შედეგები ერთიერთში დაჯდა იმ მონაცემებთან, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებში იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნავს გივი მიქანაძე.
მისივე თქმით, აღსანიშნავია სამართალდამცველების მყისიერი რეაგირება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - 200-მდე სისხლის სამართლის საქმე წარიმართა, ამ დროისთვის 5 გამამტყუნებელი განაჩენია მოტანილი და 15 საქმეა წარმოებაში.
ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, კომისიის დასკვნის წარდგენასა და შემუშავებაში ჩაერთოს.