„დღეს, 12:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ამ დრომდე, დარეგისტრირებულია 107 ათასზე მეტი მოქალაქე. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, დიდი ნაკადის გამო, საიტი, შედარებით, ნელა მუშაობდა, თუმცა, ნახევარ საათში, ეს პრობლემები სრულად მოიხსნა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თამარ გაბუნიამ ასევე განმარტა, თუ რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ მოქალაქეები ჯავშნის დასტურს.
„ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არაა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა ახალ რეჟიმზეა გადაყვანილი, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის, 24-საათიან პერიოდს. ამდენად, როდესაც მოქალაქე საიტზე დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში, მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია მითითებულ ელექტრონულ პორტალზე https://booking.moh.gov.ge/