საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელობასთან და თეატრმცოდნეებთან ერთად თეატრის რეფორმის საკითხზე პირველი სამუშო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეატრში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და თეატრის რეფორმის პრინციპულ მიდგომებზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი პირები - გიორგი გეგეჭკორი (საზოგადოების თავმჯდომარე), ვასილ ჩიგოგიძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნერონ აბულაძე, კოტე აბაშიძე და ლევან როხვაძე; ასევე, თეატრმცოდნეები ნუცა კობაიძე, მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ნიკა წულუკიძე და გიორგი ყაჯრიშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციის საკითხს, საშემსრულებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეფექტური პოლიტიკისათვის სწორი რეგულაციების შემუშავებასა და ქართული თეატრის თანამედროვე სტანდარტის შექმნის აუცილებლობას. მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო თეატრების მართვის წესი.
თეა წულუკიანის თქმით, ეს მსგავსი ფორმატის პირველი შეხვედრა იყო და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება და თეატრის სფეროს წარმომადგენლები ერთობლივად განსაზღვრავენ თეატრის სფეროში განსახორციელებელი რეფორმის ძირითად პრინციპებს; იმუშავებენ კულტურის კოდექსის პროექტში შესატანი თეატრის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების მიმართულებით, ასევე, თეატრების განვითარების პროგრამების შექმნის, ადამიანური რესურსის გაძლიერებისა და იმგვარი მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და უზრუნველყოფს როგორც თეატრზე წვდომას, ასევე თეატრების ფინანსურ და შემოქმედებით მდგრადობას.