logo_geo
eng_logo
ხვალ პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ
- +

25 ივლისი. 2021. 13:47

 

 

26 ივლისს საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ. დოკუმენტის თანახმად, დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

 

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა“ და „ამნისტიის შესახებ“ ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც, ხვალვე, საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გადავა.

 

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10), 42(11) და 177(15) მუხლების დარღვევის გამო დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, პროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის აღუსრულებელ ნაწილზე.

 

ამასთან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ამ კანონის საფუძველზე, უნდა შეწყვიტოს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულება.

 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს.

 

„საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი იყო ძალიან რთული და ეს სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს იყო და არის აუცილებელი რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. მადლობას ვუხდი პარლამენტს, გვქონდა კომუნიკაცია მმართველ გუნდთან და ეს ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner