გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 2 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 8 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 12 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, ჯამში 76,3 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი), წითელ ნუსხაში შეტანილი ლაფნისა და წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, სატყეო უბნებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს თხმელის (მურყანი) სახეობის 18 ერთეული ხე-მცენარე, 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე, 2 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე. ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 7 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის (წიფელი, რცხილა, მუხა) საშეშე-მერქანი.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის (წიფელი. რცხილა, იფანი, მუხა) ხე-მცენარისგან დამზადებული, ჯამში - 15 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქნის ტრანსპორტირება.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.