logo_geo
eng_logo
ექსპერტიზის ბიურო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლექსო ლაშქარავა ბიუროში სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსებიდან 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს
- +

26 ივლისი. 2021. 10:19

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია.

 

„2021 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „Post Factum“-ში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თითქოს, გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა 2021 წლის 11 ივლისს, 11 საათსა და 18 წუთზე და დარეგისტრირდა პროცედურების შესაბამისად.

 

თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით.

 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიუროს პრესცენტრთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით 11 ივლისსვე ჰქონდა ინფორმაცია არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშუქებდნენ გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს.

 

სამწუხაროა, რომ „Post Factum“-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამო და უსამძიმრებს ოჯახს”, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხი“ არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანით ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, შესაძლოა, თავდაპირველად სხვა მისამართზე მიესვენებინათ. მათივე ცნობით, ლაშქარავას სახლიდან გასული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან 1 საათსა და 15 წუთში მივიდა, რადგან ბიუროში ავტომობილის შესვლა კამერებმა სწორედ ამ დროში დააფიქსირეს. „Post Factum“-ის ინფორმაციითვე, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, იმ დროს, როცა ცხედარი ბიუროში უნდა ყოფილიყო გადასვენებული, პოლიციის ავტომობილი გზაში იყო და ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, გლდანის ხიდებისკენ მიდიოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner