აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნა.
ღონიძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი უძღვებოდნენ.
სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფაბ-ლაბში განთავსდება ე.წ. საერთო სამუშაო სივრცე . ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს.
2015 წელს საქართველო ფაბ-ლაბების მსოფლიო სიმპოზიუმზე ე.წ. ფაბ-ქვეყანა გახდა. პირველი ფაბ-ლაბი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით თბილისში შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება. დღეისათვის ფაბ-ლაბები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობისა და ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში.
2016 წლის ბოლომდე, ფაბ-ლაბების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება.