„უპასუხისმგებლობას გამოხატავენ საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე“, - ასე აფასებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ ჩაერთონ კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებას.
გივი მიქანაძის განცხადებით, მათ არ სურთ, მოისმინონ არგუმენტაცია, რომელიც მათ ბრალდებებს აბათილებს.
„მათ არ უნდათ, მოისმინონ ის კონკრეტული არგუმენტაცია, რომელიც მათ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოავლინა საგამოძიებო კომისიამ. ეს არგუმენტაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს იყო, მათი მხრიდან, მიზანმიმართული კამპანია, რათა რევოლუციური სცენარი განეხორციელებინათ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
დღეს პარლამენტში კანონმდებლები 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ, რომელიც შემდეგ სესიაზე გავა. „ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი სხდომას არ დაესწრება. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.