logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას, რომლის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს
- +

26 ივლისი. 2021. 12:24

 

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ჩვენ მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის დეტალებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

 

„ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისა. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიწის რესურსის სრულად ათვისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება.

 

„ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც დაიწყება სექტემბრიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ მიწის რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ. ამ მიმართულებით, ბატონ ლევანს აქვს მომზადებული კონკრეტული პროგრამები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მოსახლეობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner