„საერთო გაზეთში“ (14 ივლისი, 2021 წ., #25) გამოქვეყნდა კოლექტიური (!) წერილი (წერილის პათოსის გათვალისწინებით, შემდგომში - კოლწერილი) სათაურით - „უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული? ვინ, რატომ და რა მიზნით გამოსცა საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო, „ქართლის ცხოვრება“ 2008, 2012 წლებში გაყალბებული სახით?“. წერილს ხელს აწერს სხვადასხვა პროფესიის 14 პირი ბათუმიდან.
კოლწერილი მოცულობითია და გაზეთის ორი გვერდი უკავია. მის ავტორებს „აღმოუჩენიათ“, რომ „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემებში ამოღებულია მოციქულთა მოღვაწეობა, მათ შორის, ანდრია პირველწოდებულის ამ მიზნით გავლილი გზა აჭარაში, ვიდრე დიდაჭარამდე. წერილში ეს ფაქტი მიჩნეულია ისტორიის შეგნებულ გაყალბებად, „გარყუნად“ (ვახტანგ VI-ის ტერმინია), მეტიც, ვანდალიზმად და, აქედან გამომდინარე, კატეგორიულად არის მოთხოვნილი მკაცრი ზომების გატარება.
კოლწერილს აშკარად ატყვია საქმეში მეტ-ნაკლებად, პროფესიონალის დონეზე არა, მაგრამ, რომ იტყვიან, შორიახლო ჩახედული კალმოსნის ხელი (სხვათა შორის, მცდარი აზრის გატარებაც შეიძლება მოჩვენებითად მაღალ დონეზე). სწორედ ამ ფაქტმა გამიჩინა ეჭვი. საქმე ის არის, რომ ხელმომწერთაგან არცერთი არ არის ისტორიკოსი (ერთი არაფრით გამორჩეული მხატვარ-ისტორიკოს-ფოტოგრაფი, რა მოსატანია) და ეჭვიც არ მეპარება, რომ სხვადასხვა ვარიანტის „ქართლის ცხოვრების“ გამოცემათა ტექსტებში გარკვევა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერთა მხრიდან გამორიცხულია.
კოლწერილის გამოქვეყნებამდე ამ საკითხის ირგვლივ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (10-11 ივლისი, 2021წ.) გავეცანი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, წყაროთმცოდნის, 2017-2020 წლების ახალი „ქართლის ცხოვრების“ სამტომეულის (რედაქტორი - აკად. როინ მეტრეველი) გამომცემლის - გონელი არახამიას წერილს - „ერთი ცრუაღმოჩენის გამო“. წერილში აღნიშნულია - „ამას წინათ სტუდია „გუთანმა“ ფეისბუქში გაავრცელა ინფორმაცია „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის შესახებ, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: „ბათუმში, მეცნიერთა ჯგუფმა, ნიაზ ბოლქვაძის მეთაურობით, „ქართლის ცხოვრების” 2008 წლისა და 2012 წლის ახალ გამოცემებში აღმოაჩინა, რომ ამოღებულია მოციქულთა მოღვაწეობა(!)“.
ეს არის ე. წ. საინიციატივო ჯგუფი (იგივე კოლწერილის ხელმომწერნი), რომელმაც ფეისბუქში გავრცელებულ ვერსიას მოაყოლა ზემოაღნიშნული ეს ვრცელი წერილი „საერთო გაზეთში“.
ვნახოთ, როგორ და რა ფორმით ესხმიან თავს კოლწერილში „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემის ავტორებს:
კოლწერილის ავტორებს მიზნად დაუსახავთ, ანალიზი გააკეთონ „ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის („ქართლის ცხოვრების“, მ.მ.) მიზანმიმართული ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით“;
მათი წარმოდგენით, „რამეთუ გულგრილობა და დუმილი ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი, ისტორიული ძეგლის გამყალბებელთა თანამოაზრეობის ტოლფასია“;
აღნიშნული „ქართლის ცხოვრების“ გამომცემლებმა „საქართველოში I საუკუნეში წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ამსახველი ისტორიის განადგურებით, ისტორიის გამყალბებლებმა ქართველ ერს გამოაცალეს სამოციქულო ეკლესიის საფუძვლები“;
მათივე აზრით, [თურმე] „როგორც ჩანს, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის მზაკვრული ფორმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ნაწილის განადგურება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მთავარი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ჩამოყალიბებისა და ერთიანობის საქმეში“;
„ასეთი ცნობილი ადამიანების სახელების გაგონებაზე (იგულისხმებიან აღნიშნული გამოცემის რედკოლეგიის წევრები, - მ.მ.) არაერთმა ჩვენმა მეცნიერმა, ვისი უპირველესი მოვალეობა იყო, ხმა აემაღლებინა და ეზრუნა მდგომარეობის გამოსწორებისთვის, პირიქით, სიმხდალისა და თუ პირადული ინტერესების გამო დუმილი ამჯობინა“;
„მთელი საქართველოს მასშტაბით, საქალაქო, საუნივერსიტეტო, საეკლესიო ბიბლიოთეკებში, ქვეყნის ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო „ქართლის ცხოვრების“ „გარყუნილი“ და გაყალბებული სახით, მთელი 13 წლის მანძილზე, დღემდე, რატომღაც შეუმჩნეველი რჩებოდა... ამ უდიდეს ცოდვაში აღებული „ვერცხლით“ კი რამდენმა ფუფუნებაში და დიდ პატივში განვლო სიცოცხლე“;
ეს კოლწერილში გადმოფრქვეული „სიბრძნეების“ ნაწილია, რასაც მოსდევს ვერდიქტი, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება. ვერდიქტის მთავარი აზრი ის არის, რომ ამ ფაქტით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები (ე. ი. სპეცსამსახურები, კოლწერილის ენაზე - КГБ); ეს „ვანდალიზმი“ შედარებულია ავღანეთში თალიბების მიერ ბუდას ძეგლის აფეთქებასთან, რაც კაცობრიობის წინაშე, მართლაც დიდი დანაშაული იყო; „ქართლის ცხოვრება“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „იუნესკოს“ დაცვის ქვეშ უნდა იყოს; და, რაც მთავარია - „საქართველოში მოქმედი ყველა ბიბლიოთეკიდან დაუყონებლივ უნდა მოხდეს ფალსიფიცირებული 2008 და 2012 წლების „ქართლის ცხოვრების“ ამოღება“.
როგორც ამ ამონარიდებიდან ჩანს, არაისტორიკოსებმა და საქმეში სრულიად ჩაუხედავებმა განაჩენი გამოუტანეს არა მხოლოდ „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემების მესვეურთ, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართულ საისტორიო საზოგადოებას. მოკლედ, თუ დავუჯერებთ კოლწერილს, ქართველი ისტორიკოსების ნაწილმა სიმხდალე გამოიჩინა და დუმილი ამჯობინა, ხოლო მეორე ნაწილმა კი ამ ცოდვაში აღებული ვერცხლით ფუფუნებასა და ნეტარებაში განვლო სიცოცხლე.
ეს რაც შეეხება განთქმული ქართული ისტორიის სკოლის წარმომადგენლებს. ახლა უშუალოდ ხსენებული გამოცემის ტექსტის დამდგენებზე, რომლებსაც რატომღაც არ ახსენებენ კოლწერილში. იმიტომ ხომ არა, რომ მათი სახელების ხსენება მკითხველს მაშინვე დაარწმუნებდა წერილის აბსურდულობაში. დიახ, ზურაბ სარჯველაძე, მიხეილ ქავთარია და ელენე ცაგარეიშვილი ის მკვლევარები არიან, რომელთა სამეცნიერო კვალიფიკაციაში, კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაში, ოდნავი ეჭვის შეტანა, გამორიცხულია. მართლაც, რამ უნდა გიბიძგოს იმისკენ, რომ შეთხზა ასეთი ინსინუაციები, ცილი დასწამო და ჩირქი მოსცხო უწესიერეს ადამიანებს?
არც ქართველ ისტორიკოსთა „ვერცხლისმოყვარეობა“ და „ფუფუნებაში განვლილი სიცოცხლე“ დაგვავიწყდეს, რასაც დაბეჯითებით წერენ კოლწერილში. მართლაც უცხო სამყაროდან უნდა იყო მოსული, რომ დღევანდელ საქართველოში სამეცნიერო წიგნის გამოცემით გამდიდრება ირწმუნო. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, თუ რა ძალისხმევაა საჭირო და რამდენი ვინმე უნდა შეაწუხო წიგნის გამოსაცემად. მოკლედ, „ქართლის ცხოვრების“ გამოცემის გამდიდრების აღმოჩენით კოლწერილის ავტორთა ჯგუფი შეიძლება გინესის წიგნშიც აღმოჩნდეს.
ხსენებულ კოლწერილს ბატონმა გონელი არახამიამ უპასუხა ახალი და უფრო ვრცელი წერილით - „ვაი ეგეთას სამართალს“ („საერთო გაზეთი“, # 26, 21 ივლისი, 2021). გ. არახამია საპასუხო წერილებში დამაჯერებლად აჩვენებს კოლწერილის ზერელობას,ზედაპირულობას და „ქართლის ცხოვრების“ ისტორიის სრულ არცოდნას, რომ „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემა სხვა დანიშნულებისაა, ემყარება ძველ ხელნაწერებს, სადაც ეს სადავოდ გამხდარი თემები არ არსებობს და ბუნებრივია, შემდგენლები „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემებში მათ ვერ შეიტანდნენ.
გ. არახამიას წერილების გაცნობის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მართლაც ცრუ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე. მაგრამ მე ამ პოლემიკაში სიღრმისეულად ვერ შევალ, რადგან კოლწერილზე ხელმომწერთაგან განსხვავებით, ხელს არ ვკიდებ იმ საქმეს, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება. ამიტომაც კოლწერილს სხვა კუთხით შევაფასებ.
კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს, რომ კოლწერილის მთავარი აზრი არის ის, რომ „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 212 წლების გამოცემებში ამოღებულია ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა მოღვაწეობა, ყველაფერი ეს კი, გაკეთებულია შეგნებულად, მიზანმიმართულადო და ა. შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გამოგონილ შენიშვნებსა და ბრალდებებს საკადრისი პასუხი გასცა ბატონმა გონელი არახამიამ. მეტი სიცხადისთვის ვრცლად დავიმოწმებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს გ. არახამიას მეორე წერილიდან: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიასთან აკად. რ. მეტრეველის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი ქართული წყაროთმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის საყოველთაოდ (შინ და გარეთ) აღიარებული პროფესიონალი მკვლევარების შემადგენლობით, რომელსაც დაეკისრა ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის გამოსაცემად მომზადება, რაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ სისრულეში იქნა მოყვანილი და გამოქვეყნდა კიდეც 2008 წ. ასეთი მკვეთრად განსაზღვრული დანიშნულების მქონე გამოცემას, ცხადია, საფუძვლად დაედო ძველი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხები, მათ შორის, 1959 წ. აღმოჩენილი ხელნაწერი (ე. წ. კლიმიაშვილისეული), რომელიც, ბუნებრივია, წინა გამოცემებში გამოყენებული არ ყოფილა. კრებულის ის მონაკვეთები, რომელიც ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ავტორობითაა ცნობილი და სადაც დაცულია ცნობა წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების, აგრეთვე, ასურელი მამების - იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის მოღვაწეობის შესახებ, გამოსაცემად მოამზადეს ცნობილმა წყაროთმცოდნეებმა და ტექსტოლოგებმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ სარჯველაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელენე ცაგარეიშვილმა. აღნიშნული ცნობები, როგორც ამას ტექსტოლოგიის ანა-ბანა მოითხოვს, ამ გამოცემაში შევიდა ზუსტად ისე, როგორც ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებშია დაცული ანუ მოკლე ვერსიებით (იხ. ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის გვ. 56). სავსებით კანონზომიერია, რომ ამ გამოცემაში ვერ იქნებოდა შეტანილი წმ. ანდრია პირველწოდებულისა და ასურელი მამების შესახებ ვრცელი ინფორმაციები, რომლებიც ს. ყაუხჩიშვილმა ჩანართის სახით შეიტანა თავის გამოცემაში, როგორც ახალი „ქართლის ცხოვრების“ ნუსხების ექსკლუზივი. ვერ იქნებოდა შეტანილი სრულიად უბრალო და გასაგები მიზეზის გამო: ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა და 2008 წლის გამოცემა სხვადასხვა დანიშნულებისაა და, შესაბამისად, თითოეული მათგანი ისტორიული წყაროს გამოცემის სხვადასხვა პრინციპებს ემყარება, რაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ორივე გამოცემის წინასიტყვაობაში. პირველი მიზნად ისახავს, ერთ გამოცემაში მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ძველი და ახალი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებში წერია, მეორის მიზანი კი იმ ტექსტის გამოქვეყნებაა, რომელიც მხოლოდ ძველი „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერებშია დაცული. აქედან გამომდინარე, 2008 წლის გამოცემისადმი წაყენებული ბრალდება, რომ იქიდან ამოღებულია ინფორმაცია წმ. მოციქულების შესახებ, სულ ერთია, რა მიზეზით, სრულიად უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და აღმაშფოთებელია. ამ ცილისწამების ავტორებმა დაასახელონ ძველი „ქართლის ცხოვრების“ თუნდაც ერთი ხელნაწერი, რომლის ინფორმაციაც წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების შესახებ 2008 წლის გამოცემაში არაა შეტანილი!“ (ხაზგასმა ეკუთვნის ავტორს).
კომენტარის გარეშეც ნათლად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ზოგიერთ მომენტზე მაინც გავამახვილებთ ყურადღებას.
პირველ რიგში ვიკითხოთ, თუ რამ განაპირობა „ქართლის ცხოვრების“ სხვა დანიშნულებით გამოცემა. საქმე ის არის, რომ „ქართლის ცხოვრების“ ირგვლივ შემოქმედებითი საქმიანობა ცოცხალი პროცესია. სწორედ ამიტომაც არსებობს ამ ძეგლის სხვადასხვა რედაქციების სხვადასხვა გამოცემები. როგორც დღევანდელ, ისე მომავალ მკვლევარს ხელთ უნდა ჰქონდეს როგოც ძველი, ისე ახალი „ქართლის ცხოვრება“. ეს პრინციპი უდევს საფუძვლად „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემებს. რა არის აქ გაუგებარი და საგანგაშო?
სიცხადისთვის მოვიხმოთ ერთი ასეთი მაგალითი. შუა საუკუნეების დიდი ღვთისმეტყველის და ფილოსოფოსის წმ. იოანე დამასკელის (დაახლ. 675-649) ნაშრომის - „წყარო ცოდნისას“ ორი ქართული თარგმანი არსებობს - ეფრემ მცირის და არსენ იყალთოელის. თარგმანების მოცულობა და მათ შორის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ მთარგმნელები სხვადასხვა ნუსხის ხელნაწერებით სარგებლობდნენ.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში გამოიცა ორივე თარგმანი, რათა მომავალ მკვლევარს საშუალება ჰქონდეს, შეადაროს ისინი ერთმანეთს. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ერთი თარგმანი გამოცემულიყო, კერძოდ ის, რომელსაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა გამომცემელი? შეიძლებოდა, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით გამართლებული იყო ორივე თარგმანის გამოცემა და ეს ასეც მოხდა. დაახლოებით მსგავსი ვითარებაა „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემებთან მიმართებით. ასე რომ, ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი ხმაური ჭიქაში ქარიშხლის დაყენების ტოლფასია და სხვა არაფერი.
გავაგრძელოთ საუბარი და ისევ დავუბრუნდეთ კოლწერილს. ქართული მეცნიერება არასოდეს განიცდიდა საქართველოს ისტორიის მაღალკვალიფიციური მკვლევრების ნაკლებობას. როგორ დავიჯეროთ, რომ საქართველოს ისტორიის, კერძოდ - „ქართლის ცხოვრების“ ეს გაყალბება, „გარყუნა“ და ვანდალიზმი ვერავინ შენიშნა, ვიდრე ამას არაისტორიკოსები „აღმოაჩენდნენ“? ეს ხომ ამავე დროს ნიშნავს, რომ ქართველმა ისტორიკოსებმა ამ „ვანდალიზმზე“ შეგნებულად დახუჭეს თვალი, რაც აღნიშნულია კიდეც კოლწერილში.
გამოცემის ავკარგიანობაზე უპირველესად პასუხისმგებელია ავტორი, ამ შემთხვევაში ტექსტის დამდგენები და შემდეგ რედაქტორი. კოლწერილში საერთოდ არ ახსენებენ იმათ, ვინც „ქართლის ცხოვრების“ 2008 წლის გამოცემის (2012 წლის გამოცემა მისი რუსული ვარიანტია) მათთვის საინტერესო მონაკვეთის შემცველი ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს. არადა, სადავოდ გამხდარი „ქართლის ცხოვრების“ ამ მონაკვეთის ტექსტის დამდგენები ხომ ჩვენი სასიქადულო მეცნიერები (ზურაბ სარჯველაძე, მიხეილ ქავთარია, ელენე ცაგარეიშვილი) არიან. როგორ უნდა მოგივიდეს აზრად ან ვინ დაიჯერებს იმას, რომ ამ რანგის მეცნიერები „ქართლის ცხოვრებას“ დაამახინჯებდნენ და საქართველოს ისტორიას გააყალბებდნენ. აღნიშნულის გათვალიწინებით ჩნდება გონივრული ეჭვი - მავანთა მხრიდან ერთი პიროვნების წინასწარ განზრახული დისკრედიტაციის მიზნით ხომ არ გაკეთდა ყველაფერი ეს?
ამასთან, მინდა მკითხველს შევახსენო თუ ვისთან გვაქვს საქმე. კოლწერილის ხელმომწერთაგან რამდენიმე ორი წლის წინ სოფელ-სოფელ დადიოდა და საქმეში ჩაუხედავთ აბოლებდა - აგერ ჩვენი ძმა ნობელის პრემიაზეა წარდგენილი და აქაოდა ნობელის პრემია სულ ახლოს, ხელის გაწვდენაზეა და მხარი დაგვიჭირეთო. ზოგიერთს სერიოზულად სჯეროდა ეს აბსურდი.
მივადექით მთავარ სათქმელს - მოტივი, რატომ და რის გულისთვის უნდა დაემახინჯებინათ „ქართლის ცხოვრება“ გამომცემლებს? ამ კითხვას, დარწმუნებული ვარ, ვერავინ უპასუხებს. მახსენდება 1937 წელს დახვრეტილი ქობულეთელი ოსმან მოწყობილის დაკითხვის ოქმი. ჩეკისტ-გამომძიებლის შეკითხვაზე - რა მიზანი ჰქონდა მას, მოწყობილი პასუხობს: აჭარა უნდა ჩამომეცილებია საქართველოსთვის და უცხო ქვეყნისთვის მეჩუქებინაო.
ანალოგიურ აბსურდთან გვაქვს საქმე კოლწერილში, როცა „ქართლის ცხოვრების“ დამახინჯებისა და „გარყუნის“ მოტივებზე დავსვამთ კითხვას.
დავუშვათ, გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლების გამოცემებში რაღაც მთლად კარგად ვერ არის საქმე. ხომ შეიძლებოდა დაწერილიყო სამეცნიერო ხასიათის კრიტიკული სტატია, ერთი საქმის მცოდნის ხელმოწერით, რასაც დარწმუნებული ვარ, ბატონი როინი გამოაქვეყნებინებდა საისტორიო ჟურნალში. სწორედ აქ ხომ არ არის ძაღლის თავი დამარხული, კერძოდ, ვერსად მოიძებნებოდა ამ აბსურდზე ხელმომწერი საქმის მცოდნე. ან რაღა დროის ეს საბჭოური კოლწერილებია, ავბედით დროს რომ გვახსენებს თავისი „ტროიკებით“.
რახან „ქართლის ცხოვრების“ ამგვარი დამახინჯების, ვანდალიზმისა და „გარყუნის“ რეალური მოტივი ვერ მოიძებნა, სხვა მხრივ ხომ არ დავინტერესდეთ? აგერ 17 წელი გავიდა, რაც დაპირისპირება (პოლიტიკური, სოციალური, ფინანსური) ცენტრსა და რეგიონს (თბილისსა და ბათუმს) შორის წარსულს ჩაბარდა, აღარც ჩოლოქის ბარიერებია. ამ რთულ ვითარებაში ვიღაცას ხომ არ გაუჩნდა ამ დაპირისპირების ინსპირირებისა და აღორძინების სურვილი? მოტივიც სახეზეა - „აჭარლებს გვჩაგრავენ“ (სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც ვერ გათავისუფლებულა ამ პროვინციული კომპლექსისგან), რაც ღიად თუ შეფარულად იკითხება კოლწერილში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ამ მოტივით აგულიანებდნენ კოლწერილის მოთავეები ხელმომწერებს. თუკი შესაბამისი უწყებების დაინტერესებაზე მიდგება საქმე, რასაც დაჟინებით ითხოვენ კოლწერილში, აი, მართლაც რით უნდა დაინტერესდნენ ისინი.
და ბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, ჩნდება ლეგიტიმურია კითხვა - რატომ და რისთვის ატყდა ეს ბაკქანალია? რა არის ეს - პროვინციული ასკინკილა, ჭაობი თუ სულაც ფსკერი!
მიხეილ მახარაძე
ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლიტერატურაში სახელმწიფო, ფილოსოფიაში აკად. შალვა ნუცუბიძის სახელობითი და მეცნიერებაში ეროვნული პრემიების ლაურეატი.
ბათუმი. 24 ივლისი, 2021 წ.
P.S. კოლწერილში ეს შხამიანი ისრები არსებითად მიმართულია აკად. როინ მეტრეველისადმი, რომელიც არის არა მხოლოდ 2008 და 2012 წლებში გამოცემული „ქართლის ცხოვრების“, არამედ 2017-2020 წლებში გამოცემული ახალი „ქართლის ცხოვრების“ რედაქტორიც. კოლწერილის მიხედვით, მას ბრალდება უმძიმესი ცოდვა „ქართლის ცხოვრების“ ხელყოფისთვის (ქვეტექსტით - აჭარასთან დაკავშირებული მოვლენების). არადა, საყოველთაოდ არის ცნობილი ბატონი როინის განსაკუთრებით კეთილი დამოკიდებულება აჭარისა და მისი წარმომადგენლებისადმი. ეს მე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. ის ხშირად ჩამოდის ბათუმში, ზოგჯერ არცთუ ისე მნიშვნელოვან შეხვედრებზე. რაღა შორს წავიდეთ, სამი წლის წინ სწორედ მისი თანხმობით, კოლწერილის ერთ-ერთ მოთავეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაღალი ტრიბუნა დაეთმო, მეტიც - აუდიტორიას სწორედ ბატონმა როინმა წარუდგინა მომხსენებელი; ერთი ხელმომწერის წიგნზე კი რეცენზიაც გამოაქვეყნა. პირადად მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ბატონმა როინმა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ეს მოიმოქმედა აჭარის მიმართ დიდი პატივისცემის გამო. მაგრამ მას ეს ამაგი დაუფასეს სამარცხვინო საქციელით - კოლწერილზე თავიანთი ხელმოწერებით. აქ რომ ჭეშმარიტებასთან გვქონდეს საქმე, ასე თუ ისე, გასაგები იქნებოდა მათი ეს ქცევა. მაგრამ, როცა ხელს აწერ ამ, შენთვის ამაგდარი პიროვნების შესახებ ინსინუაციებსა და უსაფუძვლო ბრალდებებს, ეს, რბილად თუ ვიტყვით - უმადურობაა, ხოლო თუ მკაცრად შევაფასებთ - უზნეობა!
ამასთან, მინდა, ბატონი როინი დავარწმუნო იმაში, რომ აჭარელი უმადური არ არის და ცდილობს, მისდამი კეთილქმედებას გაათმაგებული სიკეთით უპასუხოს. თითო-ოროლა გამონაკლისი ყველგან არის. ასეა ამ შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, ასევე ფიქრობს ბატონი როინი.
P.P.S. როგორც ცნობილი გახდა, ფეისბუქის გვერდებზე გაჩნდა კოლწერილის მხარდამჭერი გამოხმაურებები. აი, როგორ აჰყვნენ საქმეში ჩაუხედავები კოლწერილის დემაგოგიას. არა უშავს, არცოდნა არცოდვაა! საქმის ვითარების გაცნობის შემდეგ, იმედია, ინანებენ კიდეც. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს მხარდამჭერებიც დაორგანიზებული იყოს.
აქვე აღვნიშნავ, რომ კოლწერილის ხელმომწერთაგან ზოგიერთი აღშფოთებულია - სხვა რამეზე მოვაწერეთ ხელი და არა ამ პასკვილზეო. იმედია, ისინი ამ პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებენ კიდეც.
მ.მ.