„კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული,“ - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ შეისწავლეს ყველა პრობლემური უბანი, გამოავლინეს ის საკითხები და ის პრობლემები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ანგარიში მოითხოვს პოლიტიკურ განხილვას პარლამენტში. იმედი მაქვს ოპოზიცია ამ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც აქვს კომისიას მიცემული, პროცესის გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა.
დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება.
„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის სხდომას არ დაესწრო. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.