„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ საკმარისი აქტივობაა მოსახლეობაში,“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრისპირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ესენციურ ჯგუფებში, ასევე, პროცესში კიდევ უფრო მეტად აქტიურად ერთვება სამედიცინო პერსონალი.
„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ საკმარისი აქტივობაა მოსახლეობაში, გადაწყვეტილებაც არის ვაქცინაციის სასარგებლოდ. მე ვფიქრობ, ვაქცინაციის სიკეთეზე გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა თავად მიიღებს. ესენციურ ჯგუფებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სამედიცინო პერსონალი უკვე დღეიდან ერთვება ვაქცინაციის პროცესში მეტი აქტივობით, ასევე, ისეთი ესენციური ჯგუფები, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, პენიტენციური სამსახურები და თავდაცვის სამსახური. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ვმუშაობთ უფრო დადებით მოტივებზე და ჯერჯერობით ფიქრი იმაზე, რომ რაღაც გზით უნდა გახდეს სავალდებულო, ამაზე საუბარი არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში დაემატება როგორც კლინიკები, ასევე უკვე არსებულ კლინიკებში დამატებითი ბრიგადები იმუშავებენ, რათა მოსახლეობის აცრის პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს.
„თბილისში ჰოსპიტლების რაოდენობაც მაღალია, ამდენად მიმდინარე პერიოდში ნამდვილად დაემატება როგორც კლინიკები, ასევე უკვე არსებულ კლინიკებში დამატებითი ბრიგადები. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად იქნება კიდევ დამატებითი რეგისტრაციის შესაძლებლობა,“- განაცხადა გაბუნიამ.