logo_geo
eng_logo
დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა
- +

22 ივლისი. 2016. 15:19



დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. 24 წლის იუბილე საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ პირადად მიულოცა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.



„მინდა, მივულოცო ეს დღე როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან ინჟინრებს. დღევანდელი დღის აღნიშვნისას, რა თქმა უნდა, მათი წარმატებების შესახებაც ვისაუბრეთ. ბრიგადაში არსებულ მემორიალზე საკმაო რაოდენობის გვარები წერია იმისთვის, რომ დავაფასოთ და კარგად გავათვითცნობიეროთ, თუ რამდენად საფრთხის შემცველია მათი პროფესია. სხვა სამხედრო პროფესიებისგან განსხვავებით, ინჟინრის საქმიანობა არის ყოველდღიურად ოპერაციაზე წასვლა. მინდა, ვუსურვო მათ ყოველი ოპერაციის შემდეგ დავალების წარმატებით დასრულება და შინ მშვიდობით დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ინჟინერს იუბილეს და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.



ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო დანაყოფის კაპელანმა კი გარდაცვლილ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.



საინჟინრო გვარეობის დღესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე მესანგრეს უწყებრივი მედლები და ბრიგადის მეთაურის საპატიო სიგელები გადაეცათ.



იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.



24 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner