„მინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ის, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა,“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს საერთაშორისო აღიარებაა.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიხარულო ფაქტია. 2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენს სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს წილი, რომელიც მუშაობდა UNESCO-სთან და საბოლოოდ დღეს იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.