„2019 წელს ეკონომიკის ორჯერ ჩაკეტვამ, განსაკუთრებით კი პირველმა ლოქდაუნმა , ბუნებრივია, ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკის ზრდაზე, რაც წლის ბოლოს 6 პროცენტიან ვარდნაში აისახა. დღეს წლის პირველ ნახევარში გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, წლის პირველ თვეში 11 პროცენტიანი ვარდნის მიუხედავად, რაც პოსტკრიზისული პერიოდის მენეჯმენტის სწორ დაგეგმვაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისათვისაც შექმნა.
„ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, პირველ რიგში ხელი შეუწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ოპტიმალურად გათვლილმა სტრატეგიამ, გვახსოვს როგორი ზეწოლა იყო მთავრობაზე ოპოზიციის თუ ცალკეული ბიზნეს ინტერეს ჯგუფების მხრიდან, როცა ეკონომიკის ერთიანად გახსნას ითხოვდენ და ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, დაკარგული სამუშაო ადგილების და ბიზნესის გაკოტრების მრუმე პერსპექტივით აპელირებდენ.
მიმაჩნია, რომ სავსებით სწორად იყო შერჩეული შეზღუდვების მოხსნის ეფექტიც, რამაც პირველი პოზიტივი უკვე მარტში მოგვცა, ხოლო აპრილ-მაისში სულაც სარეკორდო ზრდაზე გავედით, შესაბამისად 45 და 30 პროცენტიანი მაჩვენებლით. თუ ივნისის ზრდის მაღალ' 18 პროცენტიანი ზრდის პროგნოზსაც მივიღებთ მხედველობაში, წლის პირველ ნახევარში, ზრდის კუმულატიური მაჩვენებელი 12 პროცენტიან ორნიშნა ნიშნულზე იქნება, რაც არა თუ რეგიონში მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
რაც მთავარია, ტურისტულმა ინდუსტრიამ იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდები იყო, რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. ისიც გვახსოვს, ოპოენტები ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირების პაკეტებს როგორ აპროტესტებდენ, ფულის ჰაერში გადაყრად აფასებდენ და ეკონომიკის ლამის მთლიან გადაწყობას მოითხოვდენ.
მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ შექმნა პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისათვისაც, რამაც მაღალ ზრდასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ლარის კურსის გამყარებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი.
დღეს მიუხედავად კოვიდ პანდემიის ახალი შემოტევისა, რასაც ჩვენ გარდა მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ამოცანა დგას არა ახალ ლოქდაუნზე, არამედ ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით. ცალკეული წერტილოვანი, მოკლევადიანი შეზღუდვები სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, მაგრამ ახალი ლოქდაუნი ეკონომიკისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება, იმდენად რომ ჩვენ ეს წელი არა თუ ზრდით დავასრულოთ, არამედ ორმაგი რეცესიის არასასურველ ფაზაშიც კი შეიძლება შევიდეთ“, - წერს ცუცქირიძე.