„"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მის განშტოებებმა ვერაფრით შეიგნეს, რომ დაცემული რეიტინგი გამართულ საარჩევნო სისტემასა და პროცესს ფუჭად კი არ უნდა დააბრალო, არამედ იმას, რომ დესტრუქციულ ქმედებებს საზოგადოებისგან მხარდაჭერა ვერასოდეს ექნება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ანალიტიკოსი არჩევნებთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არჩევნები კი არ გაყალბებულა, არამედ ობიექტური შედეგების აღქმები დაამახინჯა რადიკალურმა ოპოზიციამ.
„ორიოდე სიტყვით არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნებსა და მიმდინარე საარჩევნო პროცესზე:
2020 წლის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.
დადასტურდა ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული ძირითადი თავისუფლებების დაცვით.
არჩევნები კი არ გაყალბებულა, არამედ ობიექტური შედეგების აღქმები დაამახინჯა რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პარტაქტივმა ზოგიერთი 'ენჯეოდან'.
17 თებერვლიდან, როდესაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა, დღემდე, ნაცოპოზიციამ და მისმა მოკავშირეებმა ცალკეული NGO-ებიდან, როგორიცაა, მაგალითად, IშFED (ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელი) და სხვა პოლიტიკურმა ფსევდო-არასამთავრობოებმა არცერთი მტკიცებულება წარმოადგინეს არჩევნების გაყალბების შესახებ. მათ არც მონაწილეობა მიიღეს ამ მნიშვნელოვანი კომისიის მუშაობაში.
ყველასთვის გასაგები ხდება თუ რატომ არ უჭერდა მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი ამგვარი კომისიის შექმნას.
გამოდის, რომ არჩევნები 2020-შიც თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ სააკაშვილის მარიონეტები ამახინჯებენ რეალობას, აყალბებენ ხმების პარალელურ დათვლას. რაც მთავარია, ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და მხოლოდ ცრუ აღქმებით, დაუდასტურებელი ეჭვებით [გაიხსენეთ 2018 წელს ეკა გიგაურისა და მისნაირების ბოროტი ტყუილი ყალბი პასპორტების დაბეჭდვაზე] "ამტკიცებენ" მათ გამრუდებულ რეალობას. ⁉️
ახლა რა ხდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევაზე - ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი კვალიფიციური და გამოცდილი კანდიდატია, არსებულ მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს.
რატომ? იმიტომ, რომ:
ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
მხოლოდ და მხოლოდ მისდევს საარჩევნო პროცესის მორიგი დისკრედიტაციის გზას.
კვლავინდებურად არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას - აფერხებს კონსენსუსის მიღწევას ამ საკითხშიც.
26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-შის ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა. მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები უკვე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან, მათი უფლებამოსილების ვადა ხუთი წლის ნაცვლად, 6 თვე იქნება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მის განშტოებებმა ვერაფრით შეიგნეს, რომ დაცემული რეიტინგი გამართულ საარჩევნო სისტემასა და პროცესს ფუჭად კი არ უნდა დააბრალო, არამედ იმას, რომ დესტრუქციულ ქმედებებს საზოგადოებისგან მხარდაჭერა ვერასოდეს ექნება“, - წერს აბაშიძე.