ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ბიზნეს ფორუმი საქართველო-პოლონეთი გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ფორუმის ფარგლებში აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„აჭარა მასპინძლობს ბიზნეს ფორუმს, სილეზიისა და აჭარის რეგიონების, ხელისუფლების და კერძო სექტორის მონაწილეობით. ორივე რეგიონის როგორც სამთავრობო, ასევე აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს სრული შემადგენლობა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა შესაძლო თანამშრომლობას, რომელიც ამ ორი რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლოა განვითარდეს.
ახლა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაფართოებული ვაქცინაცია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე აქტუალური საკითხია და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს რომ კერძო სექტორთან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ ფორუმში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.
ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და პოლონეთში ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომამადგენელი დაესწრო.