ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის დროს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ კომენტარი გააკეთა. რიკ დემსის თქმით, ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით.
„მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს. ეს მეტყველებს, რომ საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია“, – განაცხადა რიკ დემსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დაემსს შეხვდა. რიკ დაემსს შეხვდნენ ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.