საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ კორცხელის ინციდენტის დროს უკეთ უნდა დარეგულირებულიყო ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება.
„ასეთი საქმე აღქმებზე და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული, არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება, პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, კომენტარი გავაკეთო, ერთადერთი, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.
ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.