„6 მისამართზე ჩვენ გვქონდა მეწყერული პროცესი და ყველა მათგანის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია,“ - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„100-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე. ყველა სამსახური მზადყოფნაშია, 10-ზე მეტი ქუჩა და ქუჩის მონაკვეთი დატბორა უხვმა ნალექმა, თუმცა ამ დროისთვის ყველა ქუჩაზე აღდგენილია, როგორც სატრანსპორტო, ისე საფეხმავლო მიმოსვლა. ამ ეტაპისთვის ყველა კერძო მისამართზე, სადაც მოხდა ნულოვან სართულების, სარდაფებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დატბორვა ყველგან, გასულია ჯგუფები. შესაბამისად, რეაგირება იქნება სწრაფი. ასევე 6 მისამართზე ჩვენ გვქონდა მეწყერული პროცესი და ყველა მათგანის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს როგორც ცხელი ხაზი, ასევე ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.