შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2021 წელს სპეციალური მასწავლებლის საგნის ჩასაბარებლად 2 800-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
„თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ საგამოცდო სესიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, გაეცნო.
ეკატერინე დგებუაძე პირადად გაესაუბრა მასწავლებლებს და გამოცდის დაწყებამდე მათ წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბოლო წლებში სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, სპეციალური მასწავლებლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება კვლავ გაგრძელდება. ამასთან, ყოველწლიურად ჩატარდება სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდაც, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობას მისცემს. 2021 წელს სპეციალური მასწავლებლის საგნის ჩასაბარებლად 2 800-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული სიახლე უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველებსაც შეეხება. დამატებითი საგამოცდო სესია მათთვის საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე, გამოსაცდელების ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ, დაინიშნება”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.