საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამის არანაირი მიზეზი არ აქვს ვიწროპარტიული ნარატივის გარდა, რომლის იქითაც პარტია ვერ მიდის.
როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა რამდენიმე პარტიას მოუწოდა, 19 აპრილის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
მისი თქმით, საქართველოში რიკ დემსის ვიზიტი მიუთითებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორი და წევრი ქვეყანაა საქართველო ევროპის საბჭოსთვის.
„რიკ დემსისგან ღირებული გზავნილები მოვისმინეთ, რაც დაკავშირებულია იმ დოკუმენტის ხელმოწერასთან, რომელსაც საქართველოს ევროპული გზა ჰქვია. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ევროსტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს, წარმოუდგენელია, ამ პროცესს არ შემოუერთდეს. დღეს ვხედავთ, რომ ოთხი პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს და საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს. არანაირი მიზეზი არ არსებობს, მხოლოდ ვიწროპარტიული ნარატივი არსებობს, რომლის იქითაც ვერ მიდიან.
„ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისთვისაც კი გაურკვეველია, პარლამენტში რისთვის შემოდიოდნენ, თუ შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ. საზოგადოება ხედავს, თუ რაოდენ დესტრუქციული ძალაა, რომელიც პარლამენტში შემოსვლიდან თვენახევარში აკეთებს მხოლოდ ერთს, რომ სხდომები ჩაშალოს და პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ მისცეს, რაც არ გამოსდით. რომ ნახეს, ეს არ გამოსდით, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. რა უნდათ, თავადაც არ იციან. დოკუმენტზე ხელს რომ არ აწერენ, ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს, ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს”, – განაცხადა მიქანაძემ.