„ოპოზიციას მესამედ მივმართავ - არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ერთი აბზაცი, სტროფი, ფრაზა, ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პირადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რომ ტყუილი არ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გაყალბება მათი მოგონილი პროექტი იყო.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც კი არ აქვთ წაკითხული, მაშინ, როდესაც, დარწმუნებული ვარ, თითოეულ წუთს გულდასმით აკვირდებოდნენ და ერთი შეცდომაც რომ დაეშვა იმ კომისიას, გივი მიქანაძე რომ ხელმძღვანლეობდა, ამაზე აუცილებლად თავის პიარს ააგებდნენ. წარმოუდგნელი ამბავია, როცა ქვეყნის დღის წესრიგად გადააქციეს ე.წ. ცრუ კამპანია გაყალბებული არჩევნების სათაურით და საუბარსაც კი ერიდებიან ამაზე. ახლა ახალი კამპანია დაიწყეს, იმაზე საუბრობენ, 6 თვის შემდეგ არც ეს კამპანია გაახსენდებათ და ახალს დაიწყებენ, მერე ახალ ტყუილს მოიგონებენ და მთავარ თემად აქცევენ, ასე გრძელდება პერმანენტულად. ჩვენი ეს გადაწყვეტილებაც, კომისიის შექმნის, აქედან გამომდინარე იყო. ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის დალაგება იმავე ღამეს დაიწყეს გაწერილი მედია და სხვა გეგმების მიხედვით. ახლა აღარ აინტერესებთ, არადა 6 თვის განმავლობაში გახსოვთ, რომ ქვეყანაში მთავარი სპეკულაციური თემა იყო.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვინც არის ამ სფეროში კომპეტენტურია და ამავე დროს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც დადო დასკვნა. ახლა ოპოზიციას მივმართავ მესამედ, ერთი აბზაცი, სტროფი, ფრაზა, ერთი სიტყვა ტყუილი მონახონ და მე პირადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ, ისეთს, როგორიც უნდათ. სპეკულაციურ ტყუილს თუ ნახავენ, თუმცა, სხვა ტყუილი არ არსებობს, ტყუილი რომ არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბება იყო მათი მოგონილი პროექტი, რითაც უნდათ ქვეყნის ჩამონგრევა, რაც ვერ მოახერხეს“, - განაცხადა მდინარაძემ.