„იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია. დარჩა რამდენიმე პუნქტი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ დღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„შეთანხმებაში არის დეტალები, რომელთა შესრულებაც მართლა შესაძლებელი იყო პოლარიზაციის შემცირების ხარჯზე. მაგალითად, საპარლამენტო პოზიციების გადანაწილების საკითხი.
„ნაცმოძრაობის“ წევრები, მაგიდებზე შიშველი ფეხებით რომ დახტიან და თუ ეს პარლამენტის საქმიანობის სრულფასოვნებაა, მაშინ კი ბატონო. ესენი ახლა კომიტეტების თავმჯდომარეებად დავნიშნოთ, ჩვენთან ერთად საქმის კეთება და პასუხისმგებლობის გაზიარება მოვთხოვთ, არ ვიცი, რამდენად სერიოზული იქნებოდა. ეს არის ერთ-ერთი დეტალი, როგორც მტკიცებულება რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის.
ამას ვგულისხმობდით სწორედ. მიუხედავად ამისა, ვინც რაციონალურ ქმედებებს აჩვენებდა, ვინც აჩვენებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარება, ეროვნული საკითხები მნიშვნელოვანია, მათთან ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ. მაგალითად „გირჩის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებზე წუხდნენ. გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაციონალური წინადადებები გავცვალოთ. ერთად გადავარჩინოთ თუ რამე გადასარჩენია, მაგრამ ყველა საკითხის გადაწყვეტა რაღაც ვალდებულებებიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში მხარედაც არ ჰყავს მიერთებული, არამედ კონსტრუქციული, საქმიანი კამათიდან და დისკუსიიდან, რაც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან, ამ ქვეყნის ევროპული ინტერესებიდან და ამ ქვეყნის დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა, ხალხის მიერ არჩეული და სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად და კეთილი ნება ამავდროულად იმას ნიშნავს, რომ რაციონალური წინადადებების გაზიარების ვალდებულება ხალხის წინაშე გვაქვს და არა იმათ წინაშე, რომლებსაც ხელიც კი არ მოუწერიათ ამ შეთანხმებაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.