logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: კი, ბატონო, აკრიტიკე პრემიერი, მინისტრი, პრეზიდენტი, მაგრამ იქაც კი არის რაღაც ზღვარი!
- +

29 ივლისი. 2021. 01:18

 

„ჩემთვის მიუღებელია, როგორც იმ დღეს ადამიანები ჟურნალისტებს ეხებოდნენ, რადგან ვგმობ ძალადობას! საერთოდ, მე ვთვლი, რომ ეს იყო პრემიერის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია _ რადგან პრაიდი ჩაიშალა და სახელმწიფოს ვერაფერში მოეხმარებოდა იმ წუთში ქუჩაში გამოსული ხალხი,  შემდეგ ისინი იმ პროვოკატორ-აქტივისტ ჟურნალისტებს მიადგნენ“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას "ქართულ აზრთან" ინტერვიუში.

 

„იმ ტელეკომპანიების სახეები, რომელსაც აქციაზე მყოფი ჟურნალისტები წარმოადგენდნენ _ გვარამიები, გაბუნიები, კვესიტაძეები _არ დაზარალებულან, დაზარალდნენ 300-400 ლარზე მყოფი სტაჟიორი ბავშვები, რომლებიც აქციეს პარტაქტივად! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვგმობ ძალადობას და 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს, მაგრამ რაც შემდგომ ამას მოჰყვა, რა განცხადებებსაც ესენი აკეთებენ _ ეს არ არის ჟურნალისტიკა! მე არ ვიცი, ამათ სად მიიღეს განათლება, სად ისწავლეს ჟურნალისტიკის საფუძვლები, რომელი წიგნებით იხელმძღვანელეს...

ერთს ვიტყვი: არ ვიცი, რამდენად ამყვებიან ახლა ჩემი კოლეგები _ ნამდვილი ჟურნალისტები, ვისაც შუბლზე ძარღვი არ გვაქვს გაწყვეტილი, ვინც ვიცით, რომ ადამიანი შენი სიტყვით, სიუჟეტით, გადაცემით შეიძლება მოკლა კიდევაც და გააცოცხლო; მე იმ ჟურნალისტებს ვგულისხმობ, ვინც უფრთხილდებიან ადამიანებს, მათ ცილს არ სწამებენ და თავიანთი სიუჟეტებით არ კლავენ! მაქვს იდეა, რომ შევიკრიბოთ, ჩვენც ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ, რომ ვგმობთ ამ ყველაფერს და შეუწყდეთ მათ აკრედიტაცია, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება!

თუ ჩვენ ევროპას, ამერიკას ვედრებით და გვინდა, რაღაცეები გადმოვიღოთ _ მაშინ ისიც ვნახოთ, რომ იქ არ ხდება ასეთი რამ! კი, ჩხუბი სხვაგანაც გვინახავს, აქციებიც, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან არ მგონია, ხდებოდეს _ ყოფილ პროკურორს, განათლების ყოფილ მინისტრს შეუძლია, დღეს იყოს ტელევიზიის დირექტორი და ტელეეკრანიდან გვაგინოს, იძახოს _ „თქვენს სისხლს დავლევ!“ „ყელს გამოგჭრით!“ „ფეხებს დაგიხვრიტავთ!“... ასეთი რამ მე არსად გამიგია!

აი, ეს ადამიანი დღეს ჩვენს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა, უწუნებს კულტურას! არადა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მაია ბითაძე ჟურნალისტებს ეუბნებოდა _ ძალიან გთხოვთ, თავში ნუ მირტყამთ მიკროფონებსო! ამ ე.წ. ჟურნალისტებმა პროფესია წაგვართვეს და დაგვიკნინეს! ასე მარტივი არ არის, 20 წლის ბავშვს ხელში მიკროფონი დააჭერინო და უთხრა _ წადი, რეპორტაჟი გააკეთეო...

ელემენტარულად, ქვეყნის უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდნენ, რომ რაღაც შეფასება, ანალიზი გააკეთონ. მე ყველაზე მეტად ვისზეც ვწუხვარ და მართლა გული მტკივა, არის ინგა გრიგოლია _ ამ ადამიანთან მე ურთიერთობა მაკავშირებს, მიმაჩნია, რომ ის ჩემი კოლეგაა და ისიც ასე თვლის, მაგრამ „ტვ პირველი“ უკვე იქამდე მივიდა, რომ ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა და ჩემდა სამწუხაროდ, ინგა აღმოჩნდა იმ ფლანგზე, რომელსაც მე არასდროს შევუერთდები!

შეცდომა ყველას დაგვიშვია, ბოდიშიც მოგვიხდია, მაგრამ პოლიტიკის გამო რომ ყველაფერს გადაუსვამ ხაზს და უკადრებელს იკადრებ... კი, ბატონო, აკრიტიკე პრემიერი, მინისტრი, პრეზიდენტი, მაგრამ იქაც კი არის რაღაც ზღვარი!

ხალხში სიძულვილია დღეს ამ ტელეკომპანიების  მიმართ, ეს ხომ აშკარაა უკვე!“, - განაცხადა ჯღარკავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner