ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.
დარახველიძე ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა. ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მოხდება გამოცდის პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
„რათა არ გაჩნდეს რაიმე კითხვები, გამოცდის პირობებში ჩვენ შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება გამოცდის სრული ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება. თუკი გამოცდის შედეგები კონკრეტული მხარის მხრიდან გასაჩივრდება, მას საშუალება ექნება, რომ გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს", – განაცხადა დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეეხო მართვის მოწმობის ასაღები გამოცდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობასაც.
„ვინაიდან ხდება ახალი მომსახურების დაწესება, კანონში უნდა მოხდეს შესაბამისი ღირებულებების განსაზღვრა. ვინაიდან პრაქტიკული გამოცდის ახალი კომპონენტი დაემატა, განისაზღვრა, რომ B და BE კატეგორიისთვის ეს იქნება 90 ლარიანი გადასახადი, თუმცა დანარჩენი გადასახადი, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და მის დახურულ სივრცეში ჩატარებასთან, ამ შემთხვევაში თანხა არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება, რომლის სანაცვლოდაც ადამიანს, რომელსაც გამოცდის გავლა სურს, შეეძლება გაიაროს პრაქტიკული გამოცდა და დახურულ მოედანზე მისი ჩაბარების შესაძლებლობა 5-ჯერ ექნება. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, რეალურ, ანუ ქალაქის პირობებში გადასახადი წესდება 150 ლარის ოდენობით და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში თუკი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას საშუალება ექნება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე", – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.