„პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სენატორებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, პარტიაში არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მცდარია.
„საფრთხე ერთია - მეტი პოლარიზების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, რაც ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომლის ერთგულიც სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ. იმ ღირებულებების ერთგული, რომელიც ამ შემთხვევაში, გვაერთიანებს მთლიანად ევროპასთან და დასავლურ ცივილიზაციასთან. პოლიტიკა ვერ იქნება სწორ კალაპოტში, როდესაც პოლარიზაციის ამხელა ხარისხს ვხედავთ, რაც არსებობდა, არსებობს და სწორედ ამგვარი პროცესების განვითარებაზე სამომავლოდაც თვალი უჭირავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩავთვალეთ, რომ ეს პირიქით, მეტი რისკის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო დემოკრატიისთვის, როდესაც ჩვენ მივიღებდით კონფრონტაციის უზარმაზარ ხარისხს. თავიდან ბოლომდე იმ დესტრუქციული ქმედებების შედეგად და დამოკიდებულები გამო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავლენს.
რომ მქონდეს იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება რამე ფორმით მიზნად ისახავს ევროპულ ან დასავლეთ-ევროპულ ორბიტაზე ჩამოცილებას, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული იქნებოდა. პირიქით მგონია, რომ ყველაზე მეტად სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.