საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას, ამ პროცესში კლინიკების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს.
„შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დამატებითი საწოლფონდის გამოყოფის კუთხით კლინიკებში არსებული რესურსები. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო კოორდინაცია და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კლინიკებს, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ეფექტურად გაგრძელდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.