„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან მმართველი პარტიის გასვლა არა ვინმეს გადაგდება, არამედ რეალობაში დაბრუნებაა.
„ეს არ არის გადაგდება. ეს ყველაფერი არის რეალობასთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რეალობას, რადგან საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანა ვირტუალურ ცხოვრებაში შეჰყავთ, რეალობა სხვა არის, პასუხისმგებლობა ჩვენი აბსოლუტურად გაზიარებულია და ყველაფერს აკეთებს და ოპოზიცია კი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და არაფრად მიაჩნია მიშელის დოკუმენტი. ამიტომ ვამბობთ - ხელშეკრულება და ვალდებულება არის ორმხრივი, მხოლოდ ერთმხრივი არ შეიძლება. როცა მეორე მხარეს ეს კატეგორიულად არ უნდა - დავუბრუნდეთ რეალობას. შარლ მიშელის დოკუმენტში რა რეფორმებიც ეწერა, ყველა ეს რეფორმა გავატარეთ, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაც გავაკეთეთ და სად არის ამ დროს ოპოზიცია და მისი ჩართულობა? რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ გავაკეთეთ, ახლა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გავამეორებთო - ეს არ მოხდება! ნუ გვაშინებენ ნურც რიგგარეშე არჩევნებით. რიგგარეშე არჩევნები არ შედის ამ პარტიების ინტერესებში. ამ კანონმდებლობით ხომ საერთოდ არ შედის- ეს ნიშნავს, რომ 2 - 3 პარტია შევიდეს პარლამენტში. ჩვენ ვითხოვთ თანამშრომლობას და არა ისე, რომ ვაიძულებთ ჩვენ ახლა „ქართულ ოცნებასო“. ვერავინ ვერაფერს ვერ გვაიძულებს! მოვიდნენ და ითანამშრომლონ საქართველოსათვის. არავის არ უნდა თანამშრომლობა, ყველას უნდა ხელების გადაგრეხვა. თანამშრომლობა თუ უნდათ, ამის ყველა მექანიზმი შევთავაზეთ.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ყველა რომ ეს შეთანხმება შეასრულონ. ახლა ჯამბაზობა უნდა დაიწყოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“? კონგრესი და საელჩო აქამდე არ მოუწოდებდა ხელმოწერისკენ? რეალობას უნდა დავუბრუნდეთ ყველა. ვერც ამ არჩევნებზე შექმნიან აწი დაძაბულობას იმიტომ, რომ ყველა მათი სქემა და მექანიზმი გაშიფრულია. ეს ხელშეკრულება ხელს იმაში გვიშლიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებდა ამ ხელშეკრულებას, არ უერთდება და ქვეყანა მიჰყავს ისევ დესტაბილიზაციისკენ. მაშინ რა აზრი აქვს ამ ხელშეკრულებას? მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ გვინდა დაინახოს მთელი სიღრმე და პრობლემა ქართული პოლიტიკის. ხელი უნდა მოეწერათ ამ ხელშეკრულებისთვის და მაგიდებზე არ უნდა ამხტარიყვნენ, მაგიდებზე უნდა ემუშავათ. ეს არის განსხვავება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.