logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიცია, არა მხოლოდ დროშია ჩარჩენილი, არამედ ღრმა კრიზისშიც იმყოფება - რევოლუციების დრო წასულია
- +

30 ივლისი. 2021. 01:48

 

 

„ოპოზიცია, არა მხოლოდ დროშია ჩარჩენილი, არამედ ღრმა კრიზისშიც იმყოფება, რასაც ერთის მხრივ, კრეატივის სიმწირე  და მეორეს მხრივ დროის დეფიციტი განაპირობებს. რევოლუციების დრო წასულია, ადამიანებს სტაბილიზაცია და ხვალინდელი დღის პერსპექტივა აინტერესებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"ქართული ოცნების" მიერ, 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლას, საერთაშორისო გამოხმაურება და  იმედგაცრუებაც, რომ მოყვებოდა გასაგები და მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო, რადგან ეს დოკუმენტი ევრო-ამერიკული მედიაციის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.

საერთაშორისო შეფასებებიდან, განსაკუთრებით  ინტერეს იწვევდა  არა მხოლოდ ცალკეული ყოფილი მაღალჩინოსნების კომენტარები, არამედ პირველ რიგში, საქართველოს მეგობართა ორპარტიული ჯგუფის,  როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლების განცხადება.

დღეს გამოქვეყნებული განცხადების პათოსი კი იმით არის მნიშვნელოვანი, ღია იმედგაცრუებაა გამოხატული, იმ პარტიების მიმართ, ვინც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება. და ბუნებრივია, აპრიორში აქ ნაციონალური მოძრაობა და ის პარტიები იგულისხმება, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და შესაბამისად, არც მისი პუნქტების შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა. აქ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა იგულისხმება.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის რჩევა და კარგი გაგებით პირდაპირი მიწოდებაც კი  პოლიტიკური სპექტრისადმი,  ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ,  და  კრიტიკულად მნიშვნელოვანი  რეფორმების განხორციელებისაკენ. ამ დოკუმენტის, როგორც მრავალპარტიული შეთანხმების დანიშნულებაც, ხომ ეგ იყო,  პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვით, გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის.

ეს განცხადება არის ფაქტიური ვერდიქტი ნაცოპოზიციისათვის. როგორც ჩანს ოპოზიციის ამ ნაწილმა ვერ გაიგო, მარტში სენატის საგარეო კომიტეტში გამართული მოსმენებისას, მოწოდება  ბოიკოტის და დესტრუქციის შეწყვეტისაკენ, რაც ცალსახად რუსულ  ინტერესში შედის და მხოლოდ პოლიტიკური ჩიხისკენ მიდის.

 

ამ ახალი ორპარტიული დოკუმენტის სულისკვეთება, კიდევ ერთხელ აშიშვლებს ნაცოპოზიციის მისწრაფებებს, დოკუმენტზე ხელის არმოწერით და საკანონმდებლო საქმიანობის ჩაგდებით, ობსტრუქციის და საბოტაჟირების გზით, რაც ბოლო პერიოდში ასე უხვად ვიხილეთ შექმნან პოლიტიკური კრიზისი, როგორც  ვადამდელის უცილობელი მოცემულობა.

ოპოზიცია, არა მხოლოდ დროშია ჩარჩენილი, არამედ ღრმა კრიზისშიც იმყოფება, რასაც ერთის მხრივ, კრეატივის სიმწირე  და მეორეს მხრივ დროის დეფიციტი განაპირობებს. რევოლუციების დრო წასულია, ადამიანებს სტაბილიზაცია და ხვალინდელი დღის პერსპექტივა აინტერესებთ.  ოპოზიცია გარდა დესტრუქციისა, ვერც რაიმე ახალს გვთავაზობს და ვერც ოცნების ალტერნატივას, მით უმეტეს. იგივე ამოჩემებული კოალიციური მართველობა ვერანაირი ალტერნატივა ვერ იქნება, არსებული ნაცური კონფიგურაციის პირობებში მით უმეტეს.

საპროტესტო მასაც იმიტომ ვერ გამოყავთ, ხალხს მობეზრდა ამ 30 წლის მანძილზე ერთი და იგივე სახეების ყურება, მათი წარსული საქმიანობაც კარგად ახსოვს და არც ამ წარსულის სცენარებში თანამონაწილეობა ხიბლავს.

რაც შეეხება ოცნებას, იმედია თავის არგუმენტებს 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე საერთაშორისო დონეზეც განმარტავს და სათანადოდ დაასაბუთებს კიდეც“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner