„„ნაციონალური მოძრაობა“ ხელახლა ცდილობს საქართველოს დაპყრობას, საქართველოს ოკუპაციას, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 2003 წელს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„ნუ გაგაოცებთ და ნუ გაგაკვირვებთ, რასაც ახლა ვამბობ: დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაური დამპყრობელია, შინაური ოკუპანტია, მოძალადეა, რომელიც არჩევნებისთვის კი არა, ქვეყნის დასაპყრობად ემზადება, ხოლო ეს ტელევიზიები ამ დამპყრობელი და ოკუპანტი ძალის იდეოლოგიური დესანტია, მისი მეწინავე რაზმია. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა ეს შეფასება უნდა მისცეს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად საშიშ და სახიფათო მოვლენებს, რომლებიც შეიძლება დიდ უბედურებაში გადაიზარდოს, თუ მისი დროული პრევენცია არ მოხდა.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის კონგრესის, ევროკავშირის, კელი დეგნანის, შარლ მიშელისა თუ კარლ ჰარცელის გასაგონად, ხმამაღლა და გარკვევით, ნათლად და მკაფიოდ უნდა თქვას, რასთან გვაქვს საქმე და მათთან შეთანხმებით, მათთან დათათბირებით, მათთან კონსულტაციებით უნდა მოძებნოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.
გამოსავალი არის ერთადერთი - ხელისუფლებას უნდა მიეცეს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგის დამყარების საშუალება.
აი, ეს არის ქართველი ხალხის უმთავრესი და უპირველესი მოთხოვნა.
ქართველ ხალხში არც „ქართული ოცნების“, არც „ნაცმოძრაობის“ არც რომელიმე სხვა პარტიის მხარდამჭერებს ვგულისხმობთ მხოლოდ.
ქართველი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა ერთობა.
ქართველი ხალხი დაიღალა მუდმივი რყევებით, მუდმივი აგრესიით, მუდმივი პოლიტიკური ქიშპით და ძიძგილაობით, მას მშვიდობა და სტაბილურობა სურს, მშვიდობა და სტაბილურობა კი წესრიგის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ხარჩილავა.